თბილისის საქალაქო სასამართლომ 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, დაცვის მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ მომხდარისას ბრალდებული ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის თავს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე... თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ. მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს“, - განაცხადა ბრალდებულმა, რომლის სიტყვებსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
კაცი 51-ე სკოლასთან 21 იანვარს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.