უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ ფოთში პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, რის გამოც სკოლამ უკანონოდ სამსახურიდან გაათავისუფლებლა
“ფოთში დეკემბრის თვეში გავრცელდა ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები - მძიმე და დამამცირებელი ფაქტი, რომლის შედეგებიც დღემდე გრძელდება.
ქ. ფოთში დეკემბრის თვეში მთელი ქალაქის მასშტაბით გავრცელდა ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები - მძიმე და დამამცირებელი ფაქტი, რომლის შედეგებიც დღემდე გრძელდება.
საქმის მიმართ ქალაქში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გიზიარებთ ინფორმაციას:
ვიდეომასალა ნახა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა, თუმცა მისი ავთენტურობა და გავრცელების წყარო დღემდე არ არის დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე პროკურატურის წარმოებაშია. სახელმწიფომ ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყო - დამნაშავეთა გამოვლენა.
დავიცავ დაზარალებული მასწავლებლის ინტერესებს.
ვიდეოკადრების გავრცელებამ პედაგოგს მიაყენა მძიმე მორალური ზიანი, დააზიანა მისი რეპუტაცია, პროფესიული ავტორიტეტი და პირადი ცხოვრება.
სისხლის სამართლის საქმეზე არანაკლებ მძიმე მოვლენები განვითარდა ქ. ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში (ე.წ. „ბალავრის სკოლა“), სადაც დაზარალებული ასწავლიდა.
არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა - პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.
მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით:
პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი;
არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა;
კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა.
30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ეს იყო ფორმალურად გაფორმებული გადაწყვეტილება, მიღებული წინასწარ განსაზღვრული შედეგით.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გავასაჩივრეთ სკოლის სააპელაციო საბჭოში. მიუხედავად ამისა, სკოლა დღემდე უარს ამბობს მოგვაწოდოს ელემენტარული ინფორმაცია:
რის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება?
რატომ წარიმართა ყველაფერი უმოკლეს ვადებში?
ვინ მიიღო გადაწყვეტილება?
რა არგუმენტებს დაეყრდნო კომიტეტი?
სკოლამ უკანონო გადაწყვეტილების წაკითხვის საშუალებაც არ მოგვცა, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და პროცესში მონაწილე ხალხის სახელები და გვარები კი სრულიად დაფარა.
ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სკოლის სააპელაციო საბჭომ. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში დავიწყებთ სასამართლო დავას ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში.
ეს საქმე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი - ეს არის ტესტი იმისთვის, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას დაიცვას მსხვერპლი და არ დასაჯოს ის.
უსამართლობისგან ჩაგრული ყველა ადამიანი იმსახურებს გვერდში დგომას”, - წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილი.