გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე, რაც გამაოგნებელია, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ "ტვ პირველის" გადაცემა “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, მან ხელწერილზე ხელი არ მოაწერა და შეიტანა შენიშვნა, რადგნა ამით შეეზღუდებოდა დაცვის უფლების განხორციელება.
"მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ჩემთვის გაურკვეველი იყო, რომ გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი, საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე, რაც გამაოგნებელია, ჯერ მასალები არ იყო გადმოცემული და უკვე ხელწერილი დაგვაწერინა, სიმართლე გითხრათ, ხელი არ მოვაწერე, შევიტანე შენიშვნა, ვინაიდან, ამით მეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრალდება შემოიფარგლა იმით, რომ მხოლოდ ნაცნობობის და მეგობრობისთვის წარედგინა ბაჩოს ბრალი დღეს",- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა.
"4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები”, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.