ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს.
ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ესტონეთის სამსახურები ყურადღებით აკვირდებიან სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით ქალაქ ნარვასთან ახლოს, რომელიც აგრესიის შემთხვევაში რუსეთის პირველ სავარაუდო სამიზნედ მიიჩნევა.
„პირდაპირ ვიტყვი: თუ „პატარა მწვანე კაცუნები“ ოდესმე გადაკვეთენ ჩვენს საზღვარს, ჩვენ მათ ვესვრით. შედეგები ისეთი იქნება, რომ სალაპარაკოც არაფერი იქნება. თუ რუსეთი არ იქნება დარწმუნებული, რომ ჩვენ რეალურად ვუპასუხებთ, შესაძლოა, გამოგვცადონ“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ იგივე ეხება რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას და გაიხსენა 19 სექტემბრის ინციდენტი.
„თუ დავინახავთ, რომ რუსი გამანადგურებლები საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ.
ეს წითელი ხაზია და პუტინს ეს უნდა ახსოვდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ეს ნატო-ს ტერიტორიაა და აგრესიის შედეგები დაუსჯელი არ დარჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა ცაჰკნამ.