ოსი სეპარატისტები მრგვალი მაგიდის ჩატარებისთვის ემზადებიან, რომელიც რესპუბლიკაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას უნდა მიეძღვნას. აღნიშნული ღონისძიება, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საკმაოდ მასშტაბური უნდა იყოს და ამას ისიც ადასტურებს, რომ მასში აქტიურად არიან ჩართულნი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგებლები.
"მრგვალი მაგიდის ჩატარება 1-ლი დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი, რისი იმედიც აქვს სამხრეთ ოსეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამი უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების ხელის მოწერაა. ესენია: ხელშეკრულება სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესახებ, ხელშეკრულება ურთიერთმხარდაჭერისა და კაპიტალდაბანდებების დაცვის შესახებ და ხელშეკრულება სავაჭრო რეჟიმის შესახებ", _ აცხადებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსანდრე ჟმაილო და დასძენს, რომ ცხინვალში დაგეგმილი მრგვალი მაგიდა მოწოდებულია არა იმდენად ინვესტორებთან კონტაქტების დამყარებაზე, რამდენადაც მოსამზადებელი ბაზის შექმნისთვის წარმომადგენლობითი ეკონომიკური ფორუმის ჩასატარებლად, რომლის გამართვაც მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება.
"ფორუმზე პოტენციული ინვესტორების დაპატიჟება იგეგმება, მათ შორის საზღვარგარეთიდან, მაგრამ მათი ჩამოსვლისთვის აუცილებელია გასაგები და ინვესტორებისათვის კეთილგანწყობილი ნორმატიული ბაზის შექმნა, რომელიც უკვე ფორუმის მსვლელობისას მოგვცემს საშუალებას კონტრაქტების გაფორმებისა", _ აცხადებს ჟმაილო.