აშშ უფლებას იტოვებს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მსოფლიო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის და გააგრძელოს თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების სრულყოფა. ასეთი დებულებებია ჩაწერილი შვიდი წლის განმავლობაში პირველად გამოქვეყნებულ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრატეგიაში პენტაგონს რუსეთისა და ჩინეთისთვის დიდი დრო აქვს დათმობილი.
"აშშ არ აპირებს, უარი თქვას სამხედრო ძალის გამოყენების პრაქტიკაზე სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში, თუმცა ამის გაკეთებას კოლექტიურად აპირებს, - ნათქვამია ვაშინგტონში წარმოდგენილ განახლებულ სამხედრო ნაციონალურ სტრატეგიაში", _ იუწყება რუსული მედია.
"მივესალმებით რუსეთის უფრო აქტიურ როლს აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში. აშშ ესწრაფვის დარჩეს ერთგული საერთაშორისო ნორმებისა, გამოყენებს სამხედრო ძალას მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ყველა შემთხვევაში და იტოვებს უფლებას, თავად იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუკი ეს აუცილებელი იქნება", _ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტთა თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა წარმოადგინა.
დოკუმენტში წარმოდგენილია ამერიკის სამხედრო უწყების ძირითადი ამოცანები, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა და აგრესიის უკუგდება, თუმცა განსაკუთრებული როლი საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების გამყარებას ეთმობა.
"ჩვენს მთავარ პრიორიტეტად ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების, ჩვენი ტერიტორიის და ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების გამყარებას და მზადყოფნას იმისთვის, რომ მოვიგერიოთ ნებისმიერი აგრესია, რომელმაც შესაძლოა შეარყიოს საერთაშორისო სტაბილურობა, მაშინ როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ სამხედრო კამპანიას ავღანეთში და ვებრძვით ექსტრემიზმს მთელს მსოფლიოში", _ ნათქვამია სტრატეგიაში.
მთავარ მტრებად აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში დასახელებულია "ალ-ქაიდასა" და მისი მომხრეების დაჯგუფება ავღანეთსა და პაკისტანში, ასევე ანალოგიური ტერორისტული სტრუქტურები სომალში, იემენში და რიგ სხვა სახელმწიფოებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს სწრაფვას მსოფლიოსკენ ბირთვული იარაღის გარეშე, თუმცა ჯერჯერობით ეს შეუძლებელია და ამიტომაც ისინი მზად არიან თავიანთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განვითარებისთვის საკუთარი თავისა და პარტნიორების დასაცავად.
"ნატო ჩვენს მთავარ მრავალეროვან ალიანსად დარჩება. ნატოს წევრები მოქმედებენ როგორც მასტაბილიზირებელი ძალა თავისი საზღვრების პერიმეტრზე - ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ბალკანეთამდე და კავკასიამდე. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს სამხედრო ურთიერთობებს ალიანსის წევრებსა და იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან", _ ნათქვამია სტრატეგიაში.
აღნიშნულ დოკუმენტში ამის შემდეგ ყურადღება გამახვილებულია რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობებზე. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას აპირებს, რომელიც დაეფუძნება "წარმატებულ ძალისხმევას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხში".
"ჩვენ ვაპირებთ ვესწრაფოთ რუსეთთან თანამშრომლობას კონტრტერორიზმის სფეროში, ბირთვული იარაღისა და მასალის გავრცელების წინააღმდეგობის სფეროში, კოსმოსსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შექმნაში და მივესალმებით მის კიდევ უფრო აქტიურ როლს აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში", _ ნათქვამია სტრატეგიაში და იქვე აღნიშნულია, რომ პენტაგონი ურთიერთობების გამყარებას ჩინეთთანაც აპირებს.