საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილიც და BBC-იც დაკვეთით მოქმედებდნენ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის ქმედება იყო არა აფექტით გამოწვეული, არამედ – მიზანმიმართული.
„ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში, ტერორისტული აქტია. ლაზარე გრიგორიადისგან განსხვავება არ არის? გახსოვთ, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილით. როგორ გმირად წარმოაჩინეს და დღეს ვის ახსოვს ლაზარე გრიგორიადისი, ისე იქნება მზია ამაღლობელი, ალეკო ელისაშვილი. ვერ გადაწყვიტეს, რა შეფასება გააკეთონ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალებისთვის, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიფიქრეს. თქვენ გაიხსენეთ, ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. მანაც მიუთითა რობერტ ფიცოს თემაზე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. არ არის გამორიცხული, ელისაშვილის მოქმედება იყოს მოტივაცია, გადამდები გახადოს ეს ქმედება. ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს პროტესტი, მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო BBC-ის მიმართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.