თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ელჩის გარდა ყველაფერია".
კალაძემ ასე უპასუხა შეკითხვას გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიღებულ კანონებს ეხებოდა:
"ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე".
კალაძემ ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტი და განაცხადა, რომ "ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია".
"ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა კახა კალაძემ.