ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს წინადადება არის ტყუილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ეს ყველაფერი შემოატრიალეს და ისე მანიპულაციურად იყენებენ იმისთვის, რომ თითქოს საქართველომ შეაჩერა დიალოგი. სინამდვილეში დიალოგი შეჩერდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის განცხადება გაკეთდა, რომ აპელირებენ, ეს იყო ივნისში. არსებობს წერილები, სადაც კაია კალასი, პირდაპირ ევროკავშირის მხარე ამაყად ადასტურებს, რომ მათ შეჩერებული აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი, საქართველოს ხელისუფლებას ისინი არ ელაპარაკებიან მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო კანონები.
2024 წლის ივნისში ბრიუსელი აჩერებს დიალოგს საქართველოსთან და შემოდგომაზე უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ იმას, რაც ივნისში გაკეთდა. ჩვენს ქვეყანაში პროტესტი და გამოსვლები დაიწყო დემოკრატიის წინააღმდეგ, არჩევნების შემდგომ. არ უნდა დავუშვათ ის, რომ საფუძვლები შეცვალონ და სხვანაირად დაიწეროს ის ისტორია, რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.