პროკურატურის განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა. „ოცნება“ მზადაა, ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი გიორგი გახარია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პროკურატურის განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა. „ოცნება“ მზადაა, ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი გიორგი გახარია. ეს პერსონალური ვენდეტის გაგრძელებაა, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. კიდევ ბევრ აბსორუდულ ბრალდებას ვნახავთ, რომლებიც წამოსული იქნება გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც „ოცნება“ ქმნის. ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს. ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, რადგან გახარიასგან დისკომფორტი შეექმნათ. დღეს ვინც „ოცნებას“ ებრძვის, გიორგი გახარია და მისი გუნდია, მაშინ როდესაც „ოცნება“ „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.