"გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი “ - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებებისთვის” გელა ხასაიას დაკავებას.
ნიკa ფარულავას თქმით, "რეჟიმი ცდილობს დანერგონ შიში".
“ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლებრივი წესით?” - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა (და არა პოლიციელმა) ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას.
ეს სიტყვები, ზოგადად, გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით; ის, რომ ამ მუხლით არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, რომლებიც, მაგალითად, კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს; ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად, ის რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახების სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი.
ოღონდ, აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის და რაც უნდა ვიცოდეთ, როგორც საზოგადოებამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა: სინამდვილეში, რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს არის ერთადერთი – დანერგონ შიში. შიში, რომელიც საბოლოო ჯამში, ჭამს თავისუფლებას. ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის. იმიტომ, რომ მას არ ეშინია. მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან შეძლო გადმოსულიყო, გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერებისა, გაეჟღერებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები, მოეგვარებინა ისინი აქედან – ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებიდან, ვერ შეაშინებენ.
როგორც გელამ მისცა პირობა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის იბრძოლებდა ბოლომდე მათი თავისუფლებისთვის, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. ერთადერთი, რა უნდა ვიცოდეთ, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რადგან ყველა მსგავსი დაკავება, ის რომ შსს ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა ვერაფერს ავრცელებს, ის რომ ამ დრომდე არ არსებობს დადგენილება, ე.წ. დანაშაულის კადრები და ა.შ. ის, რომ დანაშაულიც ვერ “შეკერეს” მიუთითებს მათ ქაოსურ, პანიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი ტრადიციის დასრულებისთვის. გელას თავისუფლებისთვის და სხვა 70-მდე პოლიტიკური ტყვის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, - თქვა ფარულავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.