ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი აზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის სპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერი იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს მმართველი პარტიისთვის, ხოლო ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ხალხს, ვინც ქუჩაში გამოდის.
„ასეთ სავალალო რეალობამდე მიიყვანა ევროკავშირი ბრიუსელის მიერ ღირებულებების პოლიტიკური ინტრიგებით ჩანაცვლებამ. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს“, – წერს პაპუაშვილი.