არასწორია ნებისმიერი თარიღის დაწესება და ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანებისთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ რაღაც მარცხად გაგვიფორმოს მაშინ, როდესაც თავად რეჟიმი მარცხდება, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
"შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გამარჯვების გარდა ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენი ისტორიული მისიის შესრულების გარდა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ წიაღში, ევროპაში, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ წამზომს ვურთავთ ბიძინა ივანიშვილს და არა საკუთარ თავებს. იმიტომ, რომ 4-ში იქნება ეს გამარჯვება, 7-ში, 27-ში, თუ 31-ში, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ, არასწორია ნებისმიერი თარიღის დაწესება და ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანებისთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ რაღაც მარცხად გაგვიფორმოს მაშინ, როდესაც თავად რეჟიმი მარცხდება, რადგან ვხედავთ რეჟიმის შიგნით ყოველდღე სისტემური დანაშაულების შესახებ და ამ დაჭერებს, რაც მიმდინარეობს”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, რეჟიმმა რამდენიც არ უნდა იყვიროს, რომ ოპოზიცია რევოლუციებს აწყობს და ასე შემდეგ, „ეს არის სისულელე, ფარსი და ბოლი“.
„იმ ხალხის ნაკადს და იმ სტიქიას, რასაც ჩვენ საქართველოს ქუჩებში ვხედავთ, ოპოზიცია არ მართავს. ეს ხალხი ოპოზიციასაც რეცხავს რეალურად და ოპოზიციასაც დაკვეთას უკეთებს, შენ თუ გინდა, ჩემი დაკვეთა დაიმსახურო, მე უნდა ვიყო შენი ყურადღების ცენტრში, ამომრჩევლიდან უნდა ამოდიოდეს ძალაუფლება და არა ერთი კაცის ახირებებიდან. ბიძინა ივანიშვილის სისტემასაც ხომ მაგიტომ ერჩის ქართველი ხალხი, რომ ერთი კაცის ახირებებზე დადის მთელი სისტემა და ამ ერთი კაცის კეთილგანწყობას თუ დაკარგავ, უი, უცებ კორუფციონერი ხდები, უცებ შენს დანაშაულს აღმოაჩენენ და უცებ დაგიჭერენ, ხომ? იგივე ხდება მიშა სააკაშვილის პარტიაშიც. იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილის პარტიაში წინ წაიწიო, როგორც ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვო, ისე მიშას კეთილგანწყობა უნდა მოიპოვო და ის ადიდო. იგივე ხდება ხაზარაძის პარტიაშიც და ამიტომ ჭიანურდება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. იმიტომ, რომ ყველაფერს რეცხავს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.
„მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, საერთოდ. ეს არის რაღაც სისულელეების ბჟუტური და რეალურად, სააკაშვილის პარტიის სურვილი, გააბაიბუროს ყველაფერი. პაატა ბურჭულაძე ვინ არის? პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილის პარტია მხარს რომ არ უჭერდეს, ასე ცარიელ ადგილას ვინ იქნებოდა პაატა ბურჭულაძე? მილიონია ეგეთი, ვისაც რაღაცის ლიდერობა უნდა და რომელიმე პარტიამ თუ არ დაუჭირა მხარი, ასე როგორ უნდა იყოს და რანაირად? „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე უჭერს მას მხარს, იმ ყველაფერს, რასაც პაატა ბურჭულაძე აანონსებს და პირდაპირ იძახის პაატა ბურჭულაძე, რომ დილით რაღაცას დაიწყებს და საღამოს დაამთავრებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.