მომღერლების რადიკალიზაციის ცუდი ტენდენციაა, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გოგა ხაჩიძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერს: „საქართველოში 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება – პარლამენტი, კანცელარია, საკრებულო, მერია, სამინისტრო, ცესკო, გზა, მაგისტრალი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი, ტერმინალი და ასე შემდეგ, ნებისმიერის“.
„ცუდი ტენდენცია არის მომღერლების რადიკალიზაცია. ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი, არ ვიცი, არასერიოზულია. რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. მეორე მხრივ, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი არის ჩავარდნილი. ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. ყველაფერზე წავლენ – სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ. ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როდესაც ეს მომღერალი ადამიანი იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ჩვენ ვნახეთ 2022 წელს, როდესაც ზუსტად ეს ადამიანები ითრევდნენ საქართველოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში. ეს ხალხი იდგა ზუსტად რუსთაველის გამზირზე და ითხოვდა, რომ საქართველო გამხდარიყო ამ ომის ნაწილი, გაგვეგზავნა მებრძოლები, შევსულიყავით ესკალაციაში. ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ ან უკრაინა ადარდებთ, ან საქართველო, ან რაიმე ადარდებთ, მათ ადარდებთ ერთადერთი რამ – ძალაუფლება. ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას და ყველაფერს. ეს არის მთავარი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ არ მივცეთ საშუალება, რადიკალიზაცია, ძალადობა დათესონ ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.