პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ნატოს განაცხადა, რომ ომის მზადყოფნისთვის მზადება უნდა გააძლიერონ. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ნავროცკიმ, რომელიც გერმანიას მას შემდეგ ეწვია, რაც მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა მზად იყოს ომისთვის.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომისთვის მოვემზადოთ. რადგან ეს მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა“, - აღნიშნა მან.
რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, „რომ ეს იყო პირდაპირ მოსკოვიდან მიმართული თავდასხმა“.
მისი ვარაუდით, მსგავსი თავდასხმები ნატო-ს ტერიტორიაზე აღარ განხორციელდება.
„ნატო კიდევ უფრო უკეთ იქნება მომზადებული“, - თქვა მან.
გარდა ამისა, ნავროცკი ასევე ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრებმა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი.
„ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის, უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის სუბსიდირება“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია 19-მა რუსულმა დრონმა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორაიზე უკრაინიდან და ბელარუსიდან შეფრინდნენ.
საპასუხოდ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა დაიწყოს ოპერაცია სახელწოდებით „აღმოსავლეთის მცველი“.
უკვე 13 სექტემბერს პოლონეთმა მისიის ფაქტობრივი დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, 15 სექტემბრის საღამოს პოლონეთში გაანეიტრალეს დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებსა და პრეზიდენტის რეზიდენციას თავზე დაფრინავდა.