აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა შეცვალოს, რადგან ამ მეთოდს არასანდოდ მიიჩნევს.
„მე ვუხელმძღვანელებ მოძრაობას, რომლის მიზანი ფოსტით ხმის მიცემის გაუქმებაა. ასევე, ვიდრე ამაზე ვმუშაობთ, უნდა მოვიშოროთ საკამათო ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები, რომლებიც არაზუსტია და დიდ ფულს ხარჯავს“, - დაწერა მან ორშაბათს Truth Social-ში.
„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ფოსტით ხმის მიცემის სისტემას იყენებს. ყველა სხვა ქვეყანამ უარი თქვა მასზე ამომრჩეველთა მასშტაბური მოტყუების გამო. ჩვენ დავიწყებთ ამ ძალისხმევას აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერით, რასაც 2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის პატიოსნების უზრუნველყოფა შეუძლია და რასაც დემოკრატების მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობა მოჰყვება, რადგან ისინი არნახულ დონეზე იტყუებიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერის თქმით, ფოსტით ხმის მიცემის გაუქმების ბრძოლის პირველი ეტაპი იქნება აღმასრულებელი ბრძანება, რომლის ხელმოწერასაც ის აპირებს „2026 წლის შუალედური არჩევნების სამართლიანი ჩატარების უზრუნველსაყოფად“.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ტრამპმა პოლიტიკური ოპონენტები ფოსტით ხმის მიცემის გამოყენებაში დაადანაშაულა, რათა მისი თქმით, ჯო ბაიდენისთვის მეტი ხმები მიეწერათ.
ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. მან თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. ფოსტით ხმის მიცემა არცერთ ქვეყანას აქვს. შეუძლებელია ფოსტით ხმის მიცემა და სამართლიანი არჩევნები ერთად გქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.