Reuters-მა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წამოყენებული პირობები გამოაქვეყნა.
სააგენტოს წყაროების ცნობით, რუსეთი „უკრაინის მცირე ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს“, ხოლო კიევი „მის აღმოსავლეთ მიწების იმ ნაწილს დაუთმობს, რომლის მიტაცებაც მოსკოვმა არ შეძლო“,- ნათქვამია პუტინისა და ტრამპის მიერ ალასკაში გამართულ სამიტზე განხილულ „სამშვიდობო წინადადებებში“.
ეს ინფორმაცია ტრამპსა და პუტინს შორის ალასკის საჰაერო ბაზაზე გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს გავრცელდა.
გამოცემის წყაროების თქმით, პუტინის წინადადებების შესახებ მათი ინფორმაცია, ძირითადად, ევროპის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებს ეფუძნებოდა.
მათი თქმით, პუტინის წინადადება გამორიცხავდა ცეცხლის შეწყვეტას „ყოვლისმომცველი შეთანხმების“ მიღწევამდე.
რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, კიევმა „სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან“, რუსეთის მიერ „ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვის“ სანაცვლოდ.
ასევე, თანამოსაუბრეების თქმით, რუსეთი „მზადაა დააბრუნოს უკრაინის ტერიტორიის შედარებით მცირე ტერიტორიები, რომლებიც მას სუმისა და ხარკოვის ოლქებში ოკუპირებული აქვს“.
წყაროები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთის ლიდერი ასევე ცდილობს, „სულ მცირე, რუსეთის სუვერენიტეტის ოფიციალურ აღიარებას ყირიმზე“, რომლის ოკუპაციაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს აღიარებას აშშ-ის მთავრობის მიერ, ან, მაგალითად, ყველა დასავლური სახელმწიფოსა და უკრაინის მიერ.
პუტინი ასევე მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მაინც მოიხსნება. თუმცა, თანამოსაუბრეებს არ შეუძლიათ თქვან, ეს აშშ-ის სანქციებს ეხება თუ ევროპის სანქციებს.
ასევე წყაროების თქმით, უკრაინა ასევე ვერ შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა პუტინი „როგორც ჩანს, მზადაა უკრაინას გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიეცეს“.
რუსეთი ასევე მოითხოვს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას უკრაინის გარკვეულ რეგიონებში ან მის მთელ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალი მოქმედების უფლებას.