პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, არ შეზღუდოს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სიკორსკიმ „პოლსატთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„გადავეცით პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყველაზე ცუდი, რაც მან ახლა შეიძლება გააკეთოს, არის კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტა. უკრაინელები პატიოსანი, ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან“, - განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და როდის გადასცეს უკრაინის პრეზიდენტს ასეთი შეტყობინება.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების თანახმად, დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს. უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა-განმარტება სთხოვა. 24 ივლისს ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.
24 ივლისს, ხუთშაბათს ზელენსკიმ რადას გაუგზავნა ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ ახალი კანონი, რომელიც უკრაინის პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ კანონს ჩაანაცვლებს.