25 ივლისის ღამეს, რუსეთის ათამდე რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. აფეთქებები ისმოდა როსტოვის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სხვა რეგიონებში.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, როსტოვის ოლქის ნოვოჩერკასკსა და სტავროპოლის ოლქის ნევინომისკში მრავალი აფეთქების ხმა გაისმა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონებით შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“. ქალაქის მერი მიხაილ მინენკოვი, რომელიც 37 მოფრენის შესახებ იუწყებოდა, აცხადებს, რომ დანაკარგები და ქალაქში ნგრევა არ არის.
ვლადიკავკაზის, გროზნოს, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სტავროპოლის, ტამბოვისა და სოჭის აეროპორტები გარკვეული დროით დაიხურა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტლეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედროებმა უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერიეს შვიდ რაიონში, მათ შორის ქალაქ ნოვოშახტინსკში.
მისივე ცნობით, ამ რაიონებში რამდენიმე სახლი და რკინიგზის სადგურის შენობა დაზიანდა, რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ეზოებში გაჩენდა ხანძარი.
დრონებით მორიგი შეტევა იყო კრასნოდარის მხარეზეც. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თანახმად, უპოლოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩაცვივდა ქალაქ ტიმაშევსკის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც სამგზავრო მატარებლის ვაგონი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ 105 უკრაინული დრონი გაანადგურა.
მათივე ცნობით, ბელგოროდის ოლქში - 26, ბრიანსკის ოლქში - 25, როსტოვის ოლქში - 23, კრასნოდარის ოლქში - 8, სტავროპოლის ოლქში - 5, კურსკისა და ტამბოვის ოლქებში - 3, ვორონეჟის ოლქში - 2, ორიოლის ოლქში - 1 და აზოვის ზღვის წყლებში - 9 დრონი ჩამოაგდეს.