ეს შენობა არის კერძო საკუთრება, ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია - ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ის ავარიულია და შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობის გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ განმარტა, შენობის მესაკუთრეს სასამართლოში დავა აქვს მოგებული.
„ეს არის კერძო საკუთრება. აქ მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენები არ დაეთანხმნენ აღნიშნულს“,- აღნიშნა კალაძემ.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კი, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ადგილზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, მისვლას არ აპირებს.
„მისვლას არ ვაპირებ, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის თემა არ არის. აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. ეს იგივეა, თქვენს საკუთარ საცხოვრებელში რომ ვიღაც შეიჭრას და დასახლდეს. ეს არის კერძო საკუთრება.
რა პირობები შესთავაზეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. შესაბამის უწყებას უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილზე, სავარაუდოდ, დააკავეს სამი პირი.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.