სოჭში, სირიუსის ფედერალურ ტერიტორაიზე არსებულ ნავთობბაზაზე დრონით დარტყმას ადასტურებენ. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა.
სირიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი პლიშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე. პლიშკინს შედეგები არ დაუკონკრეტებია.
როგორც რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“ იუწყება, სოჭის ტერიტორიაზე ღამით, სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაისმა.
სირიუსს 2020 წლიდან რუსეთის პირველი „ფედერალური ტერიტორიის“ სტატუსი აქვს. მანამდე ეს ტერიტორია სოჭის ადლერის რაიონში შედიოდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ადლერის რაიონში მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩაჭრეს და გაანადგურეს 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 11 - აზოვის ზღვის თავზე და 7 - კრასნოდარის მხარეში.