ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე.
„უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება. კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან", - განაცხადა პრემიერმა.
ასევე, პრემიერ მინისტრმა ისაუბრა ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაცია არის ერთადერთი ხელშესახები სარგებელი ქართული საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის პროცესიდან და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან, სავაჭროც არაფერი დარჩებათ, თუ უნდათ, ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ექნება“.
მან იმედი გამოთქვა, რომ „საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო“
“ თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება“, - დასძინა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რას დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.
„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არის მცდელობა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით „ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში“, რაც ძალიან „უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე, რაც დასანანია“.
პრემიერის თქმით, არჩევნების წინ ყოველ ჯერზე არის სხვადასხვა სახის მცდელობები, რათა დააზიანონ „ქართული ოცნების" საარჩევნო შანსები.
კერძოდ, კობახიძემ 2020 წელი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ 70 მილიონი ევროს გაჩერება გათვლილი იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შანსების დაზიანებაზე და ახლაც ამ სულისკვეთებით გრძელდება მოქმედება.
„ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელს, როდესაც ევროკავშირი აპირებდა დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის გაჩერებას ქვეყნისთვის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე. მაშინ დავასწარით და ჩვენ ვთქვით უარი ამ სესხზე, აღარ გვჭირდებოდა არაფერში ეს სესხი, მაგრამ ეს იყო პირდაპირ გათვლილი საარჩევნო შედეგზე, უნდა დაეზიანებინა ჩვენი საარჩევნო შანსები და ამ სულისკვეთებით გრძელდება მოქმედება. ასევე გვახსოვს, იგივე წინა არჩევნებზე, ბატონი ელჩი პირდაპირ გამოვიდა და მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ არჩევნების დღეს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად, ოპოზიციის სასარგებლოდ. ასეთი პირდაპირი ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, აქაც არის მცდელობა, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე და რაც განსაკუთრებით დასანანია, ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტება, არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტებაც, რაც მართლაც დასანანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.