ამერიკული გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირდა, რომ უკრაინას მყისიერად გაუგზავნის 10 რაკეტას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
Axios ტრამპის ბოლო განცხადებებს იხსენებს, რომლებშიც მან უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების განახლებაზე ისაუბრა.
მანამდე, პენტაგონმა სამხედრო დახმარების ნაწილის გაგზავნა შეაჩერა საკუთარი სარაკეტო მარაგების ამოწურვის საბაბით.
ორი წყაროს ცნობით, ტრამპის მიერ დაპირებული რაკეტების პარტია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ კიევისთვის გაყინული სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში.
Axios-ის ცნობით, ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის დახმარება აღუთქვა რაკეტების სხვა წყაროების მოძიებაში.
"[უკრაინელებმა] იმაზე უკეთ უნდა იგრძნონ თავი, ვიდრე ტრამპის პრეზიდენტობის ნებისმიერ მომენტში. პუტინი იდიოტივით მოიქცა". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
გარდა ამისა, Axios ასევე წერს, რომ ზელენსკისა და ტრამპის საუბრამდე ტრამპს მერცი ელაპარაკა, გზაზე შეჩერებული Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა და შესთავაზა, რომ გერმანია სისტემებისთვის სარაკეტო ბატარეებს იყიდდა და უკრაინას გაუგზავნიდა. გამოცემის წყაროების თქმით, ტრმაპმა მერცს შესთავაზა, რომ გერმანიას უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო ბატარეები საკუთარი მარაგიდან მიეყიდა.
გამოცემის მიხედვით, ტრამპსა და მერცს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა დისკუსია მიმდინარეობს.