თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც ექიმი ამბობს, აჭარის ყოფილი მეთაურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
ლევან რატიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძეს ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს",- განაცხადა გიორგი რატიანმა.
მედიის დამატებით კითხვას, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვის დაზიანების გარდა აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები, ექიმმა არ უპასუხა.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა
7 ივლისს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.