როდის იყო და როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?! - მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს, რომელიც უკრაინაში მუდამ რუსულ ინტერესებს ატარებდა! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან იპასუხა შეკითხვას PACE-ში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, “არის მცდელობა, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისკენ სვლის ტრენდი დაინერგოს“.
“საქართველომ ბოლო 13 წლის განმავლობაში რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში შეუწყობდა ხელს?! განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისგან, რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ და რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოსა თუ სხვა ფორმატებში. რეალობა არის ეს და ამ რეალობას თვალი რომ არ გაუსწორონ, პრობლემების ზღვა უნდა შეგიქმნან!
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმიის იარაღი გვაქვს დამიზნებული. ყოველდღიურად ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაინცა და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს.
რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი ან რისი გამკეთებელია გონჩარენკო, როცა ინგრევა და სისხლში იხრჩობა უკრაინა?! მთელი ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და დღეს რაღაც იდეებთან დაკავშირებით საქართველოს ეომებიან, რომელიც ათასნაირი გამოწვევის წინაშე დგას!
საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის - არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს! საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ, უკრაინელმა დეპუტატმა ოლქსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა: საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?