ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ზელენსკის ამ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს მოეწერა.
მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოფიციალურად მისცა ბერსეს შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება.
მომავალი სპეციალური ტრიბუნალი სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების უფლებას გასცემს, რომელიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტით არის დაცული, თუმცა სასჯელის გამოტანა მხოლოდ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, ტრიბუნალს ექნება საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი და არა ჰიბრიდული ან ეროვნული სტრუქტურის სტატუსი.
ასევე ვარაუდობენ, რომ ტრიბუნალს შეეძლება განაჩენის გამოტანა ბრალდებულების დასწრების გარეშეც კი, კერძოდ, რუსეთის და შესაძლოა, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.