85 ხმით, ერთხმად - პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტს დაჩქარებული პროცედურით იხილავს. დაგეგმილია მიმდინარე კვირის ფარგლებში მისი მეორე და მესამე მოსმენით მიღება.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებულად რეგულირება ხდება.
უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. ასევე უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა.
კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს მუხლიც უქმდება.
უქმდება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს. კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ: - მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
ამავე კანონის პროექტით, ცილისწამების საქმის განხილვის ვადები მჭიდროვდება - ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადა 10 დღემდე მცირდება.
კანონპროექტით თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
ამასთან, როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის.