აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვას შეადარა.
ამის შესახებ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა დარტყმებმა მათ მიერ მიზანში ამოღებული სამიზნეები გაანადგურა და ამან ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის სწრაფი დასრულება გამოიწვია.
მან ეს დარტყმები 1945 წელს იაპონიის ბირთვულ დაბომბვას შეადარა.
„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის მოყვანა, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ ეს არსებითად იგივე იყო - მან ომი დაასრულა“, - თქვა ტრამპმა.
„ამან დაასრულა ომი (ისრაელსა და ირანს შორის). ჩვენ რომ არ გაგვენადგურებინა (ბირთვული ობიექტები), ისინი ახლა იბრძოლებდნენ“, - დასძინა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა, სიცრუეა.
ის მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ათწლეულებით ჩამორჩა და რომ ირანელებს ამჟამად არ აქვთ ურანის გამდიდრების და ახალი ობიექტების აშენების სურვილი, რადგან ეს ძალიან ძვირია.
მისივე თქმით, ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტებზე მიყენებული ზიანის სრულად დადგენა მანამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ისრაელი თავის შეფასებას არ წარადგენს.