ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ, საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო განწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ძალიან სასაცილოა, „ნაცმოძრაობის“ ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში. ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო განწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად. მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი „მიშისტი“ იყო.
2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ლანძღავდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი „შმოტკა“ დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ „ქოცები“ ქვეყანას კი არ ანგრევენ, მის გადარჩენას ცდილობენ.
რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ „ქოცების“ იქნება საქართველო“,- წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.