26 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მორიგი დებატები გაიმართება საქართველოზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ოპოზიციის წევრების დაჭერით საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაიგებს სიმართლეს.
„ახლა მე მაქვს პასუხისმგებლობა, დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მეც დამატყვევებს, ჩავიტანო სათქმელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საიდანაც გამოაძევეს წულუკიანი და რუსული ოცნების დელეგაცია სწორედ იმ ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს. მას თუ ჰგონია, რომ ნებისმიერი ჩვენგანის დაჭერით საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაიგებს სიმართლეს, ძალიან ცდება.
სიმართლე ყოველთვის გაჟღერდება ევროპის დედაქალაქებში და ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალიან მალე დაუწესებენ ივანიშვილს იმ სანქციებს, რომელიც აუცილებელია მისი რეჟიმის შებოჭვისთვის, შეზღუდვისთვის და საბოლოო დამარცხებისთვის, რათა დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე.
ხუთშაბათს გაიმართება დებატები საქართველოზე პოლიტიკური გათავისუფლების მოთხოვნით. ეს არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული დებატი იმ რეპრესიებზე, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს და იმ გზებზე თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.