მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გადაისინჯა.
"სიმართლე გითხრათ, ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს. სწორედ იმ მოტივით, რის გამოც მე პატიმრობაში ვარ, პოლიტიკური მოტივით, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. გულმოწყალებას არ გთხოვთ, ქალბატონო მოსამართლე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, მარტო სასჯელის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ". - თქვა ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა მის სასამართლო პროცესზე.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.