კვირას, დილის 3:45 საათიდან, ისრაელში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყველა რეგიონი მხოლოდ კრიტიკული სერვისებისთვის მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
კვირას ღამით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, დაამტკიცა ახალი ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების გამო შეზღუდვების მნიშვნელოვან გაზრდას ითვალისწინებს.
„სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა, რომ დღეიდან, დილის 03:45 საათიდან, ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობის ინსტრუქციებში დაუყოვნებლივი ცვლილებები შევა. ქვეყნის ყველა რეგიონი მხოლოდ აუცილებელი სერვისების მომსახურებისთვის მუშაობის რეჟიმზე გადადის. ინსტრუქციები მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობების, შეკრებებისა და დაწესებულებების ფუნქციონირების აკრძალვას, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორებისა.