ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, რომეო მიქაუტაძეს ყველა თეთრის დასაბუთება შეუძლია.
"იმისათვის, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სახეზე გვქონდეს, მისი ქონება, რომლის ლეგალიზებასაც ედავებიან, უკანონოდ უნდა იყოს მოპოვებული. ის მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე, ის ამის მზაობას მანამდეც გამოხატავდა, თუმცა, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანო მისი ჩვენებით არ დაინტერესდა, ის ისე დააკავეს, არც კი გამოუკითხავთ, რომ მას საშუალება მისცემოდა, მისი პოზიცია აეხსნა იმ ბრალდებებთან, ეჭვებთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი შიშობდნენ, რომ მისი ჩვენებით და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ ეს აბსურდული ბრალდება ჩამოეშლებოდათ, რაც მას დღეს წარედგინა.
ჩინოვნიკობამდე რომეო მიქაუტაძე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა, ის შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, აბსურდული და უკანონოა“, - განუცხადა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებს.