„ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა ევროპელი დეპუტატის მხრიდან ხელისუფლების მიმართ წამოსული კრიტიკა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ.
„ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. ისინი გამჭვირვალობის კანონზე მოგვიწოდებდნენ, ცუდია, დემოკრატიას ეწინააღმდეგებაო, ამ დროს ბრიუსელში თავადვე საუბრობენ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები უნდა მიიღონ.
ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათ და ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებსაც უნდათ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავს. სწორედ ეს არ მოსწონთ. ვერ შეძლეს ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა თბილისის მერმა.