გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას ისკანდერის ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტითა და 90 მოიერიშე დრონით შეუტიეს. უკრაინის დამცველებმა 56 დრონი ჩამოაგდეს, თუცა 12 ლოკაციაზე დრონებმა სამიზნეებს მიაღწის.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის სლობოდის რაიონში ტროლეიბუსების დეპოს შეუტიეს.
დაზიანდა 18 ტროლეიბუსი და 33 საცხოვრებელი შენობა, დაშავდა საწარმოს ორი თანამშრომელი.
მერის თქმით, მტერმა რვა შაჰედით დარტყმა განახორციელა ერთ-ერთ დეპოზე, სადაც ქალაქის ტროლეიბუსების მომსახურების ოფისია განთავსებული.
დარტყმის შედეგად, საწარმოს ორი თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც თავდასხმის დროს ცვლაში იმყოფებოდნენ.
ასევე, 30 მაისის ღამეს, ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის სოფელ ვასილიევ ხუტორში, რუსული დრონის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი 16 წლის მოზარდი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
რუსებმა იერიში განახორციელეს ოდესის ოლქში „ახალი ფოსტის“ ოფისზე, სადაც ხანძარი გაჩნდა და შენობა განადგურდა. ასევე დაზიანდა, ახლოს განთავსებული სატვირთო ავტომობილები. ხანძარმა 300 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ოპერატიულად ჩააქრეს.