უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ სამომავალოდ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმებს სარკისებურად უპასუხოს.
მისი თქმით, უკრაინა დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტების საკუთარი წარმოების გაზრდაზე მუშაობს და „უახლოეს მომავალში“ მზადდება ახალი შეთანხმებები უკრაინის პარტნიორებთან ევროპაში ასეთ წარმოებაში ინვესტიციების ჩადების შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ეხება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ ჩვენს არსებულ გეგმებზე ან შესაძლებლობებზე, მაგრამ პერსპექტივა ნათელია - რუსეთის ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.
მათ იქ, რუსეთში, ცხადად უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უნდა შექმნას თავდასხმის დრონები, გამანადგურებლები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური აღჭურვილობა, რადგან ისინი ამ ომში „ძირითადი ელემენტებია“.