ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება ეზღუდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს.
მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება მას შემდეგ შეუზღუდა, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა უნივესიტეტი „ძალადობის წაქეზებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა. უნივერსიტეტის მონაცემებით, ჰარვარდში წელს დაახლოებით 6,800 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.