რუსების უმრავლესობის სურვილია, რომ ლენინი სანკტ-პეტერბურგში მდებარე ვოლკოვოს სასაფლაოზე დაიმარხოს. აღნიშნულს "ლევადა-ცენტრის" მიერ გამოკითხულთა 40 %-მა დაუჭირა მხარი.
რესპონდენტთა 31%-მა განაცხადა, რომ მათი სურვილია ლენინის ნეშტი წითელ მოედანზე მავზოლეუმში დარჩეს. თავად მავზოლეუმის ამჟამინდელ ადგილზე დატოვება გამოკითხულთა 66%-ს სურს. მხოლოდ 8 %-ის სურვილია, რომ ნაგებობა დაანგრიონ.
ლენინის მოღვაწეობის შეფასებისას რუსების 34 % მიიჩნევს, რომ მართალია, იგი ისტორიას შემორჩება, მაგრამ მისი კვალის გამგრძელებლები აღარ იარსებებენ.
2008 წელს ლენინის ნეშტის დაფვლის იდეით გამოკითხულთა 31 % გამოვიდა, ხოლო მისი ნეშტის მავზოლეუმში დატოვებას 34%-მა დაუჭირა მხარი. ზუსტად ვოლკოვოს (დღევანდელ ვოლკოვსკოეს) სასაფლაოს უპირატესობა იმიტომ მიანიჭეს, რომ ამ საასაფლაოზე არიან დაკრძალულნი ვლადიმერ ლენინის დედა და და.
21-დან 24 იანვრამდე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის 45 რეგიონის 1600 მოქალაქემ მიიღო.
ცნობისთვის, ლენინის დაკრძალვის წინადადება რეგულარულად გახმიანდება ხოლმე. 2011 წელს ამ წინადადებით სახელმწიფო დუმის დეპუტატი "ერთიანი რუსეთიდან" ვლადიმერ მედინსკი გამოვიდა. თუმცა უკვე 24 იანვარს სახელმწიფო დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა განაცხადა, რომ ოფიციალურად ეს საკითხი არ განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები