ორშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიhამ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად რუსეთის მიმართ „გადამწყვეტი ნაბიჯები“, კერძოდ, ახალი სანქციები განიხილა.
ორშაბათს, ლონდონში შეიკრიბნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები. შეკრებაზე იმყოფება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები იყო სამშვიდობო ძალისხმევა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა შეერთებულ შტატებთან. ამ კვირაში ჩვენი ნაბიჯებისთვის კოორდინირებული სტრატეგიები გვაქვს, რაც გადამწყვეტი იქნება მშვიდობისა და პასუხისმგებლობისთვის“, - წერს სიბიჰა Х-ზე .
მან აღნიშნა, რომ რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ აგრძელებენ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას.
„ჩვენ განვიხილეთ გადამწყვეტი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია, მათ შორის სანქციები რუსეთის საბანკო სისტემის, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, ასევე უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტები. პუტინმა უნდა გააცნობიეროს სამშვიდობო ძალისხმევაზე უარის თქმისა და ომის გაგრძელების შედეგები“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, კოლეგებთან ერთად მათ კოორდინაცია გაუწიეს შემდეგ ნაბიჯებს, კონტაქტებსა და ძალისხმევას ამ კვირისა და შემდგომი პერიოდისთვის.
სიბიჰამ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, პოლონეთს და ევროკავშირს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად გაწეული მუდმივი მხარდაჭერისა და დაუღალავი ძალისხმევისთვის.