უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის შეფასებით, საუბარი იყო „ძალიან თბილი“ და „შინაარსიანი“.
„მადლობა გადავუხადე უკრაინის და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვს - უკრაინა ვატიკანის დახმარებას იმედოვნებს მათი ოჯახებთან დაბრუნებაში.
„მე ვაცნობე უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა სულ მცირე 30 დღით და ასევე დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, კერძოდ, პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რასაც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი.
უკრაინას ამ ომის დასრულება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. რუსეთისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ პაპი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.
„ასეთი ვიზიტი ნამდვილ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს, ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტი და უახლოეს მომავალში დაგეგმონ პირადი შეხვედრა.