ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე ბათუმის სამმართველოს უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართა, განემარტა, რა ზიანი მიაყენა მას.
„თქვენ დღეს წარმოდგენილი ხართ დღეს, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? - იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 დან 7-წლამდე სასჯელს. პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია - კი. რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?“, - ჰკითხა ამაღლობელმა დგებუაძეს.
დგებუაძემ უპასუხა, რომ ფაქტი არის ის, რომ ამაღლობელმა პოლიციელს მიზანმიმართულად გაარტყა ხელი სახეში, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით.
„ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი დგებუაძის მიზანი თქვენი საპყრობილეში ყოფნა არასოდეს ყოფილა. ფაქტი, რომ თქვენ პოლიციელს მიზანმიმართულად სახეში ხელი გაარტყით, ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით. მე მესმის, რომ საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა. მე გულწრფელად არ გისურვებთ საპყრობილეში არც 4 წელს და არც არცერთ დღეს. სამწუხაროდ, თქვენი არასწორი სტრატეგიით, მხოლოდ და მხოლოდ, ირაკლი დგებუაძის ანტიპიარი მიდის და ირაკლი დგებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს. თქვენი განთავისუფლებისთვის სამართლებრივად თქვენი ეს სტრატეგია არ მუშაობს. არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში“,- აღნიშნა დგებუაძემ.
"დასანანია რაც ხდება, ხვალ 9 მაისია, ევროპის დღე, გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის",- თქვა ამაღლობელმა.
ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემდეგ სასამართლო პოლიციელების თანხლებით და შეძახილების ფონზე დატოვა.