რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსმა და უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებიც კანონს დაარღვევენ, შესაძლოა, "იუკოსის" ექსმფლობელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და ამერიკელი ფინანსისტ ბერნარდ მეიდოფის ბედი გაიზიარონ.
ამის შესახებ მედვედევმა ბლუმბერგ ტვ-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
მედვედევმა, რომელმაც "იუკოსის" მფლობელთა მიმართ გამოტანილი მეორე განაჩენის მიზეზი განმარტა, განაცხადა, რომ განაჩენის სისწორეში ეჭვი არავის შეუტანია.
ხოდორკოვსკის საქმეს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზეც გამოეხმაურნენ. კერძოდ, ფორუმზე მედვედევის გამოსვლამდე, რამდენიმე მაღალი თანამდებობის რუსმა ჩინოვნიკმა და ბიზნესმენმა რუსეთის საინვესტიციო კლიმატზე საკუთარი შეხედულება დააფიქსირა.
მათი თქმით, ხოდორკოვსკისა და ლებედევის საქმემ რუსეთში თამაშის წესები განსაზღვრა. კერძოდ, ქილერები და თაღლითები ციხეში სხედან, ხოლო არეულობა შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, 2009 წელს ერთ-ერთ ფრანგულ საინფორმაციო საშუალებასთან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა მერდოფის საქმესა (რომელსაც ფინანსური პირამიდის შექმნის გამო 150 წლიანი პატიმრობა შეეფარდა) და ხოდორკოვსკის საქმეს შორის მსგავსება შენიშნა.
მაშინ პუტინმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რუსი ფიგურანტის მოღვაწეობამ რუსეთს მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანი მიაყენა. 2010 წლის დეკემბერში მან ეს ფორმულირება კვლავაც გაიმეორა. ხოდორკოვსკიზე კომენტირებისას კი პუტინმა ,მერდოფის საქმის მსგავსად, სამართალდამცავებს უცხოური სასამართლო პრაქტიკის გამოყენებისკენ მოუწოდა.