"ქართული ოცნების" წევი ნინო წილოსანი "ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორს, ნანა დიხამინჯიას ფეისბუკპოსტს ეხმიანება.
"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში:
როცა კითხვას სვამს თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა.
არ გამოვრიცხავ ნანა დიხამინჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა, პირიქით, დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები...
ჩემმა ოჯახმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა, ვაგონმშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს, და ნანა დიხამინჯიას საყვარელ ნაციონალებს ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ "აეხიათ" ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში.
ამიტომ, როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო. სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების "ახევაში" მონაწილეობდნენ.
პ.ს გარდა უმეცრებისა, თან უტიფარი მატყუარაა — არასდროს მითქვამს ევროპა და ამერიკა გვრყვნისთქო, ალბათ ქვეცნობიერად თავად ფიქრობს ამას, თორემ რატომ წამოსცდებოდა ეს ჩემზე.
სამწუხაროდ, იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწვდა. თუმცა მოდით, ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ", - წერს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "[ნინო წილოსანი] არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს, ტენდერები იქნება თუ სამშენებლო ნებართვები. მამაც ფულში იხრჩობა და ქმარიც, რომელსაც ფორმალურად გაეყარა ფულის დამალვის მიზნით".