კვირას, 20 აპრილს, მთელი ქრისტიანული სამყარო ერთ-ერთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს - აღდგომას - აღნიშნავს.
წელს, აღდგომის თარიღი, როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე მართლმადიდებლებისთვის, პროტესტანტებისა და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენლებისთვის, 20 აპრილია.
ასეთი დამთხვევა იშვიათია იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრების განსხვავების გამო. დამთხვევა დაკავშირებულია ასტრონომიულ გამოთვლებთან, გაზაფხულის ბუნიობის ვადებთან და მის შემდეგ პირველ სავსემთვარეობასთან.
20 აპრილს ზეიმობს აღდგომას სომხეთის ეკლესიაც.
წელს კათოლიკური აღდგომა დაემთხვა არა მხოლოდ მართლმადიდებლურ აღდგომას, არამედ ებრაული პასექის პერიოდსაც.
აღდგომის თარიღი 2028 წელსაც დაემთხვევა. თუმცა ათწლეულების შემდეგ, თუ რომის ეკლესია და აღმოსავლური ეკლესია დროის განსხვავებული გამოთვლების გამოყენებას გააგრძელებენ, კალენდარული უფსკრული იმდენად დიდი გახდება, რომ ეს დღესასწაული ერთსა და იმავე თარიღს არასდროს დაემთხვევა.
19 აპრილის საღამოს სააღდგომო მესა ჩატარდა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. რომის პაპი ფრანცისე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან, ღვთისმსახურებას არ დასწრებია.
20 აპრილს დილით, პაპის რეზიდენციაში, რომის ეკლესიის მეთაურმა კერძო შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.
საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, სადაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.
მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიიდან, წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, წლევანდელ დღესასწაულზე იერუსალიმში შესვლის ნებართვა დაახლოებით 10 000 ქრისტიანს მიეცა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე 50 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც სურს მოინახულოს ქრისტიანული წმინდა ადგილები ამ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ პერიოდში.