საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან გერმანიის მთავრობას ამ ეტაპზე პირდაპირი საუბრები არ აქვს. ამის შესახებ პიტერ ფიშერმა BMG -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი საუბრები არ გვაქვს" - ამბობს დიპლომატი და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის შეხვედრა ბოლოს 2024 წლის აპრილში, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა.
"ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას. ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა მაშინ, როცა პრემიერი იყო ბერლინში, ეს ხდებოდა არჩევნებამდე. ასევე დავამატებ სანქციებთან დაკავშირებით, 13 პირს დავუწესეთ სანქციები. ისინი ჩვენი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ", - აცხადებს ელჩი.
გერმანიას ქართველი მაღალჩინოსნების სანქციების შესახებ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია. 2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. 2025 წლის 24 მარტს კი გერმანიამ დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.