რუსეთის მიერ სუმზე განხორციელებული ორმაგი სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აგრესორს "გარდაუვალ შურისძიებას" და მკაცრ პასუხს დაჰპირდა.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ ისწრაფვის მშვიდობისკენ. მისი მიზანია შიშის დათესვა. მაგრამ რუსეთი მიიღებს მხოლოდ ჩვენს მრისხანებას და გარდაუვალ შურსიძიებას.
ჩვენი პასუხი მკაცრი იქნება. ჩვენ გავანადგურებთ ოკუპანტებს, მათ სამხედრო ობიექტებს, იარაღსა და აღჭურვილობას - სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
რუსეთის სამხედრო დანაშაულებისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს. დამნაშავეები ისე უნდა დაისაჯონ, როგორც იმსახურებენ“, - წერს უკრაინის გენშტაბი.
გენშტაბში აღნიშნეს, რომ „ბრძოლის ველზე სტრატეგიულ წარმატებებს რომ ვერ მიაღწია, მტერი კვლავ მიმართავს თავის ჩვეულ ტაქტიკას – იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, ომის კანონებსა და წესებს“.
ბოლო ცნობებით, სუმის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავდა - 99, მათ შორის 11 ბავშვი.