ტუნისის ახალმა მთავრობამ ექს-პრეზიდენტ ზინ ალ-აბიდინა ბენ ალის, მისი მეუღლისა და ოჯახის წევრთა დაკავების თხოვნითYინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ნაციონალური ერთობის მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ლაზარ ქარუი შებიმ განაცხადა.
შების განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, გამოიძიოს ექს-პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ბრალეულობა გატაცებებსა და უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. ამასთან, გამოიკვლევენ პრეზიდენტის დაცვის ექვსი წევრის მხრიდან ძალადობის წაქეზების ფაქტებს, რომლებიც მას შემდეგ განხორციელდა, რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.
14 იანვარს ტუნისში მასშტაბური სოციალური გამოსვლების ქვეშ ზინ ალ-აბიდინა ბენ ალის 23 წლიანი მმართველობა დასრულდა. იგი იძულებული გახდა, თავი საუდის არაბეთისთვის შეეფარებინა. ამასთან, ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. ამჯერად _ კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ. პროფკავშირებმა "თავსმოხვეული მთავრობის" წინააღმდეგ (რომელშიც ექს-პრეზიდენტის მომხრეებიც შედიან) 27 იანვრიდან საყოველთაო გაფიცვის მიზნით თავიანთი მომხრეების გამოყვანის შესახებ განაცხადეს.