ექიმი ივა კუზანოვი ტელეკომპანია "იმედისა" და გაზეთ "პრაიმ ტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლოში გაგრძელდეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კუზანოვის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია ექიმის საქმიანობას ლახავს და იმ ფორმით გადმოცემული ამბავი, რა ფორმითაც მედიასაშაულებებმა ეს გააშუქეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ცნობების უარყოფას იმავე ფორმებით, როგორითაც ის გაავრცელეს", - აღნიშნა გაბუნიამ.
კუზანოვის განმარტებით კი ის, რომ მის მიერ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს რეციდივი განუვითარდა, მისი ბრალი არ არის და ეს უკვე ონკოლოგებს ეხებათ.
"შეცდომად, ალბათ, ვთვლი იმას, რაც კომისიამ შეცდომად ჩათვალა. სხვაგან ჩატარებული გამოკვლევის მერე, ჩემთან ოპერაციის წინ გამოკვლევები კიდევ უნდა ჩაგვეტარებინა. ამ გაზეთში გამოვიდა ისე, რომ მე ვარ ყველაზე დამნაშავე. ამ დროს მე არაფერი დამიშავებია. შევასრულე ის ოპერაცია, რომელმაც ბიჭი ერთი წლის განმავლობაში ფეხზე დააყენა. ის, რომ განვითარდა რეციდივი, უკვე ონკოლოგიაა და ამაზე იყო გაფრთხილებული დედაც, მამაც და შვილიც და ხელიც აქვთ მოწერილი", - აღნიშნა კუზანოვმა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმ ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა.
ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამედიცო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თემურ პირველაშვილმა დაადასტურა.
საქმე ეხება გასულ წელს ჩატარებულ ოპერაციას. 17 წლის დავით თოთოშვილს კუზანოვის კლინიკაში ჩაუტარდა ფეხზე ნერვის აღდგენის ოპერაცია, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ პაციენტს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. ოპერაციას მოჰყვა გართულებები, რის შემდეგადაც 17 წლის მოზარდი გადააფრინეს ისრაელში, სადაც ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
როგორც პირველაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" განმარტავს, პროფესიული განვითარების საბჭომ აღნიშნული მოზარდის მკურნალობის საკითხები განიხილა, რომელშიც მონაწილეობდა ივა კუზანოვის კლინიკაც და სხვა კლინიკებიც. "პაციენტის მკურნალობის დროს აღმოჩენილი ხარვეზების გამო ბატონ ივასა და სხვა ექიმებს, გარკვეული ვადით, შეუჩერდათ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია,"-განაცხადა პირველაშვილმა.
მისივე თქმით, კუზანოვს ლიცენზია ერთი თვით შეუჩერდა. ერთი თვის შემდეგ კი, კუზანოვის განცხადების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს მისთვის ლიცენზიის აღდგენის საქმეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩატარებული კვლევისა და ძიების შედეგად პროფესიული განვითარების საბჭომ 10 დეკემბერს მიიღო.