აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის წინაშე მოხსენებით წარდგა და კონგრესისადმი ტრადიციულ მიმართვაში ქვეყნის მდგომარეობა შეაფასა.
თეთრი სახლის მეთაური ფართო სპექტრის პრობლემებს შეეხო_შტატების სუფთა ენერგიის წყაროებზე გადაყვანა, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა, ირანსა და ჩრდილო კორეაში არსებული სიტუაცია, ტუნისის პრობლემები. თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ტერორიზმთან ბრძოლის თემას ვერ ასცდა.
"ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლაა. "ალ-ქაიდა" და მათთან დაკავშირებული დაჯგუფებები აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას კვლავაც გეგმავენ. ჩვენ ვგზავნით სიგნალებს ავღანეთიდან არაბეთის ნახევარკუნძულისა და დედამიწის სხვა ადგილების მიმართულებით, აშშ არ დასუსტდება, არ მოდუნდება და ტერორისტებს დაამარცხებს. კონგრესმა დაამტკიცა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულება. ვფიქრობთ, ეს შეამცირებს ბირთვული იარაღის რაოდენობას და იგი ტერორისტების ხელში არასდროს აღმოჩნდება,"_განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის სენატმა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულება. მოლაპარაკება რატიფიცირებულ იქნა რუსეთის დუმის მიერ, ამჟამად კი დოკუმენტს ფედერაციის საბჭოში განიხილავენ.