რუსული მეთოდებით მოქმედმა პოლიციამ დაამცირა ელენე ხოშტარია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს.
"რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის" , - წერს აუსტრევიჩუსი.
შეგახსენებთ, დღეს, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც გუშინ, 28 მარტს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, იზოლატორიდან წერილი გაავრცელა.
"პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.
კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.